ავტორი:

უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - ჩინეთი დამალულ ინფორმაციას თანდათან აქვეყნებს

უხანში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა - ჩინეთი დამალულ ინფორმაციას თანდათან აქვეყნებს

ჩინეთის ხელისუფლებამ ქალაქ უხანში კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა შეცვალა. BBC-ის ცნობით, აქამდე ცნობილი იყო უხანის პროვინციაში 2 579 გარდაცვლილის შესახებ. ახალი ინფორმაციით კი, მათ კიდევ 1 290 შემთხვევა დაემატა, რის შედეგადაც პროვინციაში კორონავირუსის მსხვერპლთა რიცხვი 3 869-მდე გაიზარდა.

ჩინეთის ხელისუფლების განმარტებით, გარდაცვლილთა რიცხვის ზრდა საავადმყოფოების გარეთ გარდაცვალების შემთხვევებისა და კერძო კლინიკებში დაღუპულთა ინფორმაციის დამატებამ, ასევე ზოგიერთი მონაცემის შეფერხებით მიწოდებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ჩინეთის მიერ გავრცელებულ მონაცემებს ეჭვით არაერთი ექსპერტი უყურებდა.

worldometers.info-ზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 351 ადამიანით გაიზარდა, გარდაცვლილთა რიცხს კი 1 290 ადამიანი დაემატა. ეს სავარაუდოდ, ძველი შემთხვევებია, რომელიც სტატისტიკაში ახლა ასახეს.

ახალი ინფიცირებულების რაოდენობის თვალსაზრისით, მარტისა და აპრილის დასაწყისის მონაცემები ჩინეთში იმედისმომცემი იყო. უმეტეს შემთხვევაში, დღის განმავლობაში ინფიცირების მხოლო 50 შემთხვევა ფიქსირდებოდა და ოფიციალური პირები ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ყველა მათგანი იმპორტირებული იყო და შიდა გადადების ფაქტები აღარ ფიქსირდებოდა.

ხელისუფლებამ სწორედ ამის გამო ეტაპობრივად გარკვეული შეზღუდვების მოხსნა დაიწყო, მათ შორის, კორონავირუსის გავრცელების ეპიცენტრშიც, ქალაქ უხანშიც (თუმცა ყველა შეზღუდვა არ მოხსნილა).

უხანისგან განსხვავებით გაცილებით უფრო მეტი შეზღუდვა მოიხსნა სხვა ქალაქებში, რის შემდეგაც ადგილობრივები სხვადასხვა ტურისტულ ლოკაციებს მიაწყდნენ. აღნიშნულის ამსახველი ფოტოები CNN-მა გაავრცელა. ფოტოებზე, რომლებიც ხუანშანის პარკშია გადაღებული,ჩანს, რომ ათასობით ადამიანი ერთმანეთის გვერდიგვერდ, მჭიდროდაა შეჯგუფული, ზოგიერთ მათგანს პირბადე უკეთია, ზოგს კი - არა.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის ლიდერები აკრიტიკებენ ჩინეთის ხელისუფლებას და რეალური მონაცემების დამალვაში სდებენ ბრალს.

განსაკუთრებული მწვავე კრიტიკით აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გამოირჩევა და გარდა ჩინეთის მთავრობისა, ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასაც ადანაშაულებს და ამბობს, რომ ჯანმომ დროულად ვერ შეაფასა სიტუაცია და ჩინეთის ხელისუფლებას რეალური მონაცემების დაფარვაში დაეხმარა.

ამ დროისთვის ჩინეთში კორონავირუსით სულ 82 692 ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 4 632 გარდაიცვალა, ხოლო 77 944 გამოჯანმრთელდა. თუმცა, სავარაუდოდ, მონაცემები მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ შეიცვლება და ძველი შემთხვევების დამატების ფონზე, გაიზრდება.

ჩინეთი ინფიცირებულთა რაოდენობის თვალსაზრისით მსოფლიოს მეშვიდე ქვეყანაა. გლობალური მასშტაბით კი COVID-19-ის 2 184 784 შემთხვევაა აღწერილი, საერთო ჯამში, ვირუსით გარდაცვლილია 146 899 ადამიანი, ხოლო 553 260 პაციენტი - გამოჯანმრთელებული.

მეორე მსოფლიო ომის 99 წლის ვეტერანმა ჯანდაცვის სერვისებისთვის 31 მილიონი დოლარი შეაგროვა

რუსი პოლიტიკოსი ივან ჟუკოვი კორონავირუსით დაიღუპა

კორონავირუსის პანდემიის გამო ყავაზე პანიკური მოთხოვნაა - შესაძლოა მსოფლიოში მისი დეფიციტი შეიქმნას