ავტორი:

რას ნიშნავს კორონავირუსის მეორე ტალღა და იქნება თუ არა ის პირველივით საშიში? - რა ვარაუდები აქვთ მეცნიერებს

რას ნიშნავს კორონავირუსის მეორე ტალღა და იქნება თუ არა ის პირველივით საშიში? - რა ვარაუდები აქვთ მეცნიერებს

მსოფლიო 11 მარტიდან კორონავირუსის პანდემიას ებრძვის და როგორც ექსპერტები ამბობენ, დასასრული ჯერ კიდევ შორსაა. ზოგიერთ ქვეყანაში ეპიდემია კვლავ მძვინვარებს, მაგრამ ზოგან და მათ შორის, საქართველოშიც ვირუსის კონტროლს ახერხებენ.

აქტიურად საუბრობენ კორონავირუსის "მეორე ტალღაზე" და როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, მეორე ტალღა შესაძლოა, პირველზე არანაკლებ სახიფათო აღმოჩნდეს.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანული გამოცემა, BBC მსოფლიოს ახლანდელ ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ადარებს ე.წ. ესპანური გრიპის დროს შექმნილ ვითარებას და წერს, რომ "ესპანკას" დროს მეორე ტალღა გაცილებით "მკვლელი" იყო, ვიდრე პირველი.

  • პირველ რიგში, განვიხილოთ, რას ნიშნავს მეორე ტალღა

როგორც BBC წერს, შეგიძლიათ ეს განიხილოთ და წარმოიდგინოთ, როგორც ზღვის ტალღები - ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება, შემდეგ უკან იხევს, როგორც ტალღა, ანუ ინფიცირებულების რაოდენობა იკლებს - ყოველი ახალი ციკლი კი ვირუსის ახალი ტალღაა.

ჯერჯერობით სხვა, უკეთესი ოფიციალური, მეცნიერული განმარტება "მეორე ტალღის" განსასაზღვრად არ არსებობს.

იმის სათქმელად, რომ კორონავირუსის ერთი ტალღა დასრულდა, ახალი შემთხვევების რაოდენობა მაქსიმალურად უნდა იყოს შემცირებული. ხოლო თუ ინფიცირებულთა რაოდენობის შემცირებიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, მათი რიცხვი მკვეთრად გაიზრდება, ეს უკვე მეორე ტალღის მანიშნებელი იქნება.

მაგალითად, ახალ ზელანდიაში 24 დღის განმავლობაში COVID-19-ის არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, შემდეგ კი, ორი ახალი ინფიცირებული გამოვლინდა, ეს არ ნიშნავს, რომ მეორე ტალღასთან გვაქვს საქმე, ასევე კორონავირუსის შემთხვევები გამოვლინდა პეკინშიც, თუმცა არა იმ რაოდენობის, რომ ეპიდემიოლოგებმა მას მეორე ტალღა უწოდონ.

სხვა სიტუაციაა ირანში, სადაც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ზოგიერთი მეცნიერი ამბობს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის მეორე ტალღაა.

  • იქნება თუ არა მეორე ტალღა საქართველოში?

როგორც ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძე AMBEBI.GE-სთან აცხადებს, არის მოლოდინი რომ სექტემბრიდან უფრო გახშირდება ინფიცირების შემთხვევები.

"უფრო სავარაუდოა, რომ იქნება მეორე ტალღა, მაგრამ როდის მოხდება ეს, დაზუსტებით ამის თქმა ძნელია. მთავარია დადგინდეს ვირუსის კერა, ზედმიწევნით იქნას შესწავლილი კონტაქტები" - აცხადებს ენდელაძე.

იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის ვარაუდით, პირველი და მეორე ტალღა შესაძლოა ერთმანეთს ისე მიებას, რომ მათ შორის პაუზა არ იყოს.

"საერთოდ, მეორე ტალღაზე საუბარი მაშინ უნდა დაიწყოს, როდესაც შემთხვევები განულდება და გარკვეული პაუზის შემდეგ, თავიდან დაიწყება ვირუსის გავრცელება, მაგრამ ასეთი სურათი ჩვენ, დიდი ალბათობით, არ გვექნება.

შესაძლოა, პაუზა საერთოდ არ იყოს პირველ და მეორე ტალღებს შორის, ალბათ დუნე პირველი ტალღა იქნება და შემდეგ როგორც სინუსოიდა, რკალისებურად მოიმატებს შემთხვევები. შემოდგომაზე, როდესაც სახლებში შევალთ, ნაკლები განიავება იქნება, როგორც რესპირატორულ ვირუსებს ახასიათებთ, ვირუსის გავრცელების მაჩვენებელიც გაიზრდება", - ამბობს კულუმბეგოვი.

  • რა შეიძლება გამოიწვიოს მეორე ტალღამ?

კარანტინისა და შეზღუდვების ისევ შემოღებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ექსპერტები უკიდურეს შემთხვევაში ვარაუდობენ. კარანტინმა მთელი მსოფლიოს პარალიზება გამოიწვია და აღარავის სურს ისევ სახლში დარჩენა.

სხვადასხვა ქვეყნები ამ ეტაპზე განიხილავენ სხვა მეთოდებს, როგორ შეიძლება მოხერხდეს კორონავირუსის კონტროლი კარანტინის გარეშე.

  • იქნება თუ არა კორონავირუსის მეორე ტალღა ისეთივე სახიფათო, როგორიც იყო პირველი?

ვირუსი ძალიან სწრაფად ვრცელდება და საშუალოდ ერთ ინფიცირებულს სამი ადამიანის დაინფიცირება შეუძლია, მაგრამ რადგანაც ადამიანების ჩვევები შეიცვალა, საზოგადოება უფრო მეტ სიფრთხილეს იჩენს და უფრო მომზადებულია, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მეორე ტალღა აღარ იქნება ისეთი მძიმე, როგორიც პირველი და თუ შემთხვევების რაოდენობა ისევ გაიზრდება, ეს მოხდება ნელა და არ იქნება აფეთქება.

თუმცა, როგორც BBC წერს, არსებობს თეორიული შესაძლებლობა იმისა, რომ მეორე ტალღა პირველზე გაცილებით რთული იყოს და თუ ასე მოხდება, მაშინ მსოფლიოს ისევ კარანტინში დაბრუნება მოუწევს.

ნოტინგემის უნივერსიტეტის პროფესორი, ვირუსოლოგი ჯონათან ბოლი ამბობს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა "თითქმის გარდაუვალია" ზამთრის პერიოდში, როდესაც სხვა ტიპის ვირუსების რაოდენობაც იმატებს და ეს დიდი გამოწვევა იქნება.

არსებობს თეორია, რომ ვირუსი კვლავ გავრცელდება ძველებური სისწრაფით, თუმცა მას აღარ ექნება ისეთივე ძალა და ადამიანის ორგანიზმი უფრო მარტივად დაამარცხებს, თუმცა გარანტირებულად ამის თქმა ჯერჯერობით შეუძლებელია.

  • კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები

COVID-19-ის საწინააღმდეგო რამდენიმე ვაქცინა უკვე შექმნილია და ამ ეტაპზე მათი გამოცდა მიმდინარეობს. მსოფლიოს წამყვანი ფარმაკოლოგიური კომპანიები დაჩქარებული ტემპით მუშაობენ. სპეციალისტთა ვარაუდით კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მსოფლიოს შემოდგომის მიწურულისთვის უნდა ჰქონდეს.

იმედისმომცემი ვაქცინები:

  • ბიოტექნოლოგიური კომპანია "მოდერნას" მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლის კლინიკური კვლევის პირველი ფაზაც დასრულდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ მოხალისეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ, ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ.
  • ოქსფორდში შექმნილი ვაქცინა, რომელიც 800 მოხალისეს გაუკეთეს. ვაქცინაციის შედეგები ჯერ უცნობია.
  • ფარმაცევტული გიგანტები, Sanofi და GSK მუშაობენ ვაქცინის განვითარებაზე.
  • ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაიწყეს ორი პოტენციური ვაქცინით ინექცია. მათ ვაქცინების კლინიკური ვერსიები ცხოველებზე გამოსცადეს და ამ ეტაპზე მის შედეგს სწავლობენ.

ამასთან, ბრიტანელი მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ იაფი და ხელმისაწვდომი პრეპარატი "დექსამეტაზონი" ეფექტური საშუალებაა კორონავირუსით ინფიცირებული კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი პაციენტების გადასარჩენად ოქსფორდელი მკვლევარების თქმით, ეს პრეპარატი მედიკოსებს პანდემიის დასაწყისიდანვე რომ გამოეყენებინათ, დაახლოებით 5000 ადამიანის სიცოცხლეს გადაარჩენდნენ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ბრიტანელთა აღმოჩენას "სიცოცხლის გადამრჩენელი სამეცნიერო გარღვევა" უწოდა.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 9 მილიონს გადააჭარბა. 470 000 პაციენტი გარდაიცვალა, ხოლო 4,8 მილიონი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით, ქვეყნების ათეული ასეთია: აშშ, ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, ესპანეთი, პერუ, ჩილე, იტალია და ირანი.

"სხეულზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა არ ჩანს, ბლაგვ საგანს არ გამოვრიცხავთ" - რას ყვება გიორგი შაქარაშვილის ოჯახის წევრი

საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ბოლო მონაცემები

"საუკეთესო სპორტსმენი, საუკეთესო შვილი... გამოვრიცხავ, დაპირისპირებაში მონაწილეობა მიეღო" - "საბურთალოს" პრეზიდენტი 19 წლის ფეხბურთელის საქმეზე