ავტორი:

2020 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია, რომელიც AMBEBI.GE-ზე ასი ათასობით მკითხველმა წაიკითხა

2020 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია, რომელიც AMBEBI.GE-ზე ასი ათასობით მკითხველმა წაიკითხა

2020 წელი როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოსთვის საკმაოდ რთული იყო. კორონავირუსის პანდემიამ ყველას დღის წესრიგი შეცვალა. ეპიდვითარების გარდა, ქვეყანაში არც პოლიტიკური ვითარება ყოფილა მშვიდი. წელს საქართველოს მოსახლეობამ ახალი პარლამენტი აირჩია. არჩევნების წინა და პოსტპერიოდები განსაკუთრებით გამოირჩეოდა დაპირისპირებებით, აქციებით...

AMBEBI.GE მიმდინარე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი თემების გაშუქებასთან ერთად, მუდმივად ცდილობდა მკითხველისთვის ახალი და საინტერესო ადამიანები გაეცნო, გაეხსენებინა ნოსტალგიური ისტორიები, მიეცა რჩევები სხვადასხვა საქმის პროფესიონალების დახმარებით.

წლის ბოლოს ვაჯამებთ წლის ყველაზე კითხვად და პოპულარულ სტატიებს, რომლებმაც AMBEBI.GE-ის მკითხველის განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა და ასი ათასზე მეტი ნახვა დააგროვა.

გთავაზობთ, 2020 წლის 10 ყველაზე პოპულარულ სტატიას AMBEBI.GE-სგან:

გასაკვირი არ არის, რომ ყველაზე ბევრი ნახვა წელს კორონავირუსთან დაკავშირებულ თემებს ჰქონდა. ბიძინა კულუმბეგოვის ინტერვიუ, რომელიც 170 ათასმა ადამიანმა წაიკითხა, ვირუსთან დაკავშირებულ უამრავ კითხვას ეხებოდა.

უნდა ველოდოთ თუ არა დათბობასთან ერთად ახალი კორონავირუსის შემთხვევების მინიმუმამდე შემცირებას, დაცულები არიან თუ არა მაღალი იმუნიტეტის მქონე ადამიანები COVID-19-ისგან, ვინ მიეკუთვნება რისკ-ჯგუფებს, როგორია ლეტალობის მაჩვენებელი ქრონიკული დაავადების მქონე დაინფიცირებულ პირებში - მაშინ როდესაც კორონავირუსზე ძალიან მცირე ინფორმაცია არსებობდა საზოგადოებაში, კულუმბეგოვმა AMBEBI.GE-ს კითხვებს ამომწურავად უპასუხა.

ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომლისგანაც საზოგადოება ყოველდღიურად დამაიმედებელ ინფორმაციას ელოდებოდა. რა თქმა უნდა, წლის ყველაზე ნახვად მასალებში მოხვდა სტატია, რომელიც მინისტრის პირად ცხოვრებას, ოჯახს შეეხება.

ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც ცნობილი მსახიობების, ბადრი კაკაბაძისა და დარეჯან ჯოჯუას რძალი გახლავთ, პროფესიით სტომატოლოგია. მან 2007-2008 წლებში გერმანიაში ყბა-სახის იმპლანტაციის სრული კურსი გაიარა და რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში დაბრუნებამდე სწორედ იქ ცხოვრობდა. გერმანიაში ცნობილი ბადრი კაკაბაძის უფროს ვაჟზე ტატო (ბიძინა) კაკაბაძეზე იქორწინა. პირველი შვილი დათა წყვილს 2002 წელს გერმანიის ქალაქ რეგესნბურგში შეეძინათ.

მინისტრს ნათელმირონობა აკავშირებს ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან. მეორე შვილი, რომელიც ეკატერინე ტიკარაძეს 2011 წელს საქართველოში შეეძინა, ბერა ივანიშვილს მოანათლინა.

ეკატერინე ტიკარაძე ერთადერთი არ ყოფილა, რომლის პირადი ცხოვრება და ოჯახი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. AMBEBI.GE-ს მიერ მომზადებულ ექსკლუზიურ მასალას, რომელიც პრემიერის დას და მშობლებს ეხებოდა, 150 ათასი წაკითხვა ჰქონდა.

გიორგი გახარიას ერთი და ჰყავს. ჩვენი ინფორმაციით, თამუნა მედიცინის მუშაკია და ერთ-ერთ კლინიკაში მუშაობს. ის დაოჯახებული გახლდათ თბილისელ ანდრეი ტოლსტოიზე, რომელიც, სამწუხაროდ, რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა.

წყვილს ერთი ვაჟი ალექსანდრე ტოლსტოი დარჩა, რომელიც დედასთან ერთად იზრდება. თამუნა შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს და ჩვენი წყაროს ინფორმაციით, მასზე განსაკუთრებულად ზრუნავს ძმა. გახარიას დედა - მზია ლეჟავა წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნულ არქივში მუშაობდა. პრემიერის მშობლები ეროვნული მოძრაობის დროს განსაკუთრებული მხარდამჭერები იყვნენ ზვიად გამსახურდიასი და მიტინგებზეც ხშირად დადიოდნენ. გახარიას ოჯახს კი "ზვიადისტებადაც“ მოიხსენიებდნენ.

საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის ოჯახში დატრიალებულმა ტრაგედიამ მთელი ქვეყანა შეძრა. ალექსანდრე კვიტაშვილის ახალგაზრდა მეუღლე მოულოდნელად გარდაიცვალა.

ანასტასია ოსტროკოვას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ოპერაციული ჩარევა დასჭირდა, რაც, სამწუხაროდ, ფატალურად დასრულდა. წყვილმა ერთმანეთი უკრაინაში გაიცნო და 2018 წელს იქორწინეს. სანდრო კვიტაშვილი უკრაინის ჯანდაცვის მინისტრად მუშაობდა (2014-2015 წლებში). უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობდა ასევე ანასტასია ოსტროვსკაც. შემდეგ კი ორგანიზაცია CMI-ს თანამშრომელი გახლდათ და კონფლიქტების დარეგულირების საკითხებზე მუშაობდა. წყვილი უკრაინაში ცხოვრობდა და საქმიანობდა. ანასტასია ალექსანდრე კვიტაშვილისთვის მეორე მეუღლე გახლდათ.

ჰოპკინსის უნივერსიტეტში მოღვაწე ქართველი ექიმის მამუკა მაჩაიძის ინტერვიუ, რომელიც კორონავირუსის შესახებ მნიშვნელოვან დეტალებსა და მის შესახებ გავრცელებულ დეზინფორმაციებს ეხებოდა, ასევე უამრავმა ადამიანმა წაიკითხა.

აღსანიშნავია, რომ მაჩაიძე ჰოპკინსის უნივერსიტეტში კორონავირუსთან დაკავშირებით კვლევაში იღებდა მონაწილეობას. ქართველი ექიმი მაშინვე უწოდებდა მითს ინფორმაციას, რომ კორონავრუსს საზოგადოება ჩვეულებრივი გრიპივით გადაიტანს.

მაჩაიძე აღნიშნავდა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებლით COVID 19 აჭარბებს გრიპის ვირუსით სიკვდილიანობას, გადადის ბევრად მარტივად, ვიდრე სხვა რესპირატორული ვირუსები, პოტენციურად უფრო მეტ ადამიანს აავადებს.

წელს კორონავირუსმა განსაკუთრებით პოპულარული გახადა მედიცინის წარმომადგენლები, ასევე ეპიდემიოლოგები. პაატა იმნაძისა და ამირან გამყრელიძის ბრიფინგებს საზოგადოება ყოველდღიურად განსაკუთრებული ყურადღებით ელოდა.

წლის ყველაზე ნახვად მასალებს შორის მოხვდა იმნაძის შვილის, ლიზი იმნაძის ინტერვიუ, რომელიც ეპიდემიოლოგის ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებს ეხებოდა.

67 წლის მეცნიერი ორი ქალიშვილის მამაა. პირველი მეუღლე - მაკა მეძმარიაშვილი 2011 წელს, სიმსივნით დაეღუპა. წყვილს ტყუპი ქალიშვილი დარჩა, რომლებიც დედის სიკვდილის შემდეგ, მამას განსაკუთრებულად დაუახლოვდნენ. აღსანიშნავია, რომ მისი ერთ-ერთი ქალიშვილი, ტატა მამის გზას გაყვა. 2017 წელს, პაატა იმნაძემ ბიოლოგ ხათუნა გოგელიაზე იქორწინა.

გამომდინარე იქიდან, რომ საზოგადეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს თურქული სერიალები, გასაკვირი არ არის, რომ წლის ნახვად სტატიებს შორის თურქი მსახიობის შესახებ მომზადებული მასალაც მოხვდა.

ჰილალ ალთინბილექი ერთ-ერთი პოპულარული მსახიობია თურქეთიდან, რომელსაც ქართველი მაყურებელი იცნობს სერიალიდან „ერთხელ ჩუქუროვაში.“ მომხიბვლელ მსახიობს თურქ ანჯელინა ჯოლისაც კი უწოდებენ და თვლიან, რომ ის ვიზუალურად ძალიან ჰგავს ჰოლივუდის ვარსკვლავს.

ჰილალი 29 წლისაა. ის 1991 წლის 21 იანვარს თურქეთის ქალაქ იზმირში დაიბადა. მისი პირადი ცხოვრების შესახებ თურქულ მედიაში ხშირად ვრცელდება სხვადასხვა ინფორმაცია. მართალია, მსახიობი ცდილობს თავისი სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ ინფორმაცია საჯარო არ გახდეს, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, მედიისთვის გარკვეული დეტალები ხდება ხოლმე ცნობილი. ამჟამად კი თურქული მედიის ცნობით, ჰილალს სასიყვარულო ურთიერთობა აქვს სერიალის „ერთხელ ჩუქუროვაში" ერთ-ერთ მსახიობ 58 წლის ქერემ ალიშიქთან.

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი თეა წულუკიანი რამდენიმე წლის წინ დაოჯახდა. მისი მეუღლე იუსტიციის სასწავლო ცენტრის ყოფილი დირექტორი ნუგზარ კაკულიაა. წყვილს ქორწინებიდან დაახლოებით ერთ წელში ქალიშვილი შეეძინათ, რომელსაც მერიკო დაარქვეს.

წყვილი ერთად საზოგადოებაში იშვიათად ჩნდება და მათ მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალია. წელს ექსმინისტრის მეუღლე 36 წლის გახდა და როგორც აღმოჩნდა, იუბილე მოკრძალებულად, ოჯახურ გარემოში აღნიშნა.

ამ თემაზე AMBEBI.GE-ზე მომზადებული მასალა 123 ათასმა ადამიანმა წაიკითხა.

2 ივლისს, ბიზნესმენისა და პოლიტიკოსის, გოგი თოფაძის შვილიშვილი მძიმედ დაჭრეს. მალევე ცნობილი გახდა, რომ დაჭრაში ბრალდებული გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვაჟი, ბესარიონ (ბუსა) ჟვანია იყო, რაც შსს-ს ოფიციალური განცხადებით დადასტურდა. ცნობილი გახდა ისიც, რომ თვითონაც მსუბუქად დაჭრილი ბუსა ჟვანია დაკავებული იყო. რა მოხდა გამთენიის 5 საათზე გოგი თოფაძის სახლში და რატომ დაჭრეს ლევანიკო თოფაძე, ამის შესახებ მედიაში არაერთი ვერსია გავრცელდა.

იმჟამად AMBEBI.GE-სთვის გახდა ცნობილი, რომ ბუსა თოფაძეების სახლში ყოფილი შეყვარებულის გამო მივიდა, რომელთანაც რამდენიმე თვის დაშორებული იყო. ცნობილი ოჯახის შვილებს შორის მოხმდარი კონფლიქტის შესახებ მომზადებულ ამ მასალას 109 000 წაკითხვა ჰქონდა.

მთელი ქვეყანა შეძრა ზაფხულში, ხევსურეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ. შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 20 მგზავრიდან მხოლოდ სამი გადაურჩა სიკვდილს.

მაშინ AMBEBI.GE-მ ექსკლუზიურად მოიპოვა ფოტომასალა და ჩაწერა თვითმხილველი, რომელიც ტრაგედიის ადგილზე ერთ-ერთი პირველი ჩავიდა და სამაშველო სამუშაოებში მიიღო მონაწილეობა.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აღნიშნული მასალა 107 ათასმა ადამიანმა ნახა.

გმადლობთ, რომ მთელი წელი გვიერთგულეთ! გპირდებით, 2021 წელშიც AMBEBI.GE მრავალფეროვან და საინტერესო მასალებს შემოგთავაზებთ!

სროლა დიღომში - არსებული ინფორმაციით, არის დაჭრილი

მომღერალ თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა

"ბაჩალიაშვილის ლეპტოპი მესამე პირებს ვერ გადაეცემა" - რა განცხადებას ავრცელებს კომპანია "ზეგ"-ი, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა