ავტორი:

2020 წელი და მსოფლიო - ყველაზე გახმაურებული და მნიშვნელოვანი ამბები

2020 წელი და მსოფლიო - ყველაზე გახმაურებული და მნიშვნელოვანი ამბები

2020 წელი გარდა კორონავირუსის პანდემიისა, ბევრი სხვა დრამატული მოვლენით იყო დატვირთული. ეს იყო წელი, რომლის დასრულებასაც მთელი მსოფლიო ნატრობდა. საზოგადოების ნაწილმა დაკარგა სამსახური, გაუარესდა ეკონომიკური მდგომარეობა, ბევრს ვირუსმა ახლობელი ადამიანი წაართვა. მოგვიწია ახალ და ძალიან უჩვეულო რეალობაში ცხოვრება, მეგობრებისგან, ახლობლებისგან შორს ყოფნა და უბრალოდ, სახლში დარჩენა.

გადავხედოთ კორონავირუსის პანდემიის გარდა 2020 წელს მსოფლიოში მომხდარ მოვლენებს, ამბებს, რომლებსაც საზოგადოებაში ყველაზე დიდი რეზონანსი მოჰყვა.

  • ყასიმ სულეიმანის მკვლელობა და ამერიკა-ირანის დაპირისპირება

3 იანვარს ამერიკელმა სამხედროებმა ბაღდადში, საერთაშორისო აეროპორტზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად, ირანელი გენერალი, ყასემ სულეიმანი მოკლეს. თავდასხმა შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანებით განხორციელდა. სულეიმანი ირანში გმირად მიიჩნეოდა. ამ ამბავს მოჰყვა ამერიკასა და ირანს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო დაძაბვა და საზოგადოება ფართო სამხედრო დაპირისპირების მოლოდინში იყო, თუმცა საბოლოოდ, მშვიდობის შენარჩუნება მოხერხდა,

  • ავსტრალიის ხანძარი

2020 წლის იანვარში ავსტრალიაში ხანძარი მძვინვარებდა, რომელმაც ათობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, განადგურდა ფლორისა და ფაუნის უნიკალური ჯიშები. ხანძარს მილიარდზე მეტი ცხოველი ემსხვერპლა და ფოტოები, რომლებიც სტიქიის ადგილიდან მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა, ყველაზე ასახავდა ამბის დრამატულობას.

  • ბრიტანეთის სამეფო ოჯახის სკანდალი

2020 წლის დასაწყისში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა, პრინმა ჰარიმ და მისმა მეუღლემ მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ ბრიტანეთის დატოვებას და საცხოვრებლად კანადაში გადასვლას გეგმავდნენ. ეს გასული წლის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ამბავია, რომლის შესახებაც ამ დრომდე საზოგადოებაში ბევრს საუბრობენ. მეგანმა და ჰარიმ უარი თქვეს სამეფო პრივილეგიებზე და ასევე სამეფო ოჯახი ფინანსებზე. წყვილი საცხოვრებლად ჯერ კანადაში, ხოლო შემდეგ, აშშ-ში, ლოს ანჯელესში გადავიდა.

  • კობი ბრაიანტის გარდაცვალება

27 იანვარს ლეგენდარული კალათბურთელი, კობი ბრაიანტი ავიაკატასტროფას ემსხვერპლა. ავიაკატასტროფას ემსხვერპლა კობის 13 წლის ქალიშვილი ჯიანაც. ბრაიანტი კერძო ვერტმფრენით მგზავრობდა, რა დროსაც მას ცეცხლი გაუჩნდა. ბორტზე 9 ადამიანი იმყოფებოდა და მათგან არავინ გადარჩენილა. კობი ბრაინტი 41 წლის იყო.

  • ჭორები ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის გარდაცვალების შესახებ

2020 წლის აპრილში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი გარდაიცვალა. ისეთი გამოცემები კი, როგორებიცაა CNN, The Guardian, New York Post, Reuters და სხვები წერდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს გულის ოპერაცია ჩაუტარდა და რომ მისი მდგომარეობა უმძიმესი იყო. მოგვიანებით კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიმი თავს კარგად გრძნობდა და სულ ტყუილად "ანერვიულა“ მსოფლიო.

  • ჯორჯ ფლოიდის მკვლელობა

25 მაისს, აშშ-ში, მინეაპოლისში 46 წლის ჯორჯ ფლოიდი მოკლეს, ხოლო კადრები, სადაც ჩანდა, როგორ აწვებოდა მას კისერზე პოლიციელი მუხლით, სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფლოიდი პოლიციელს ეხვეწებოდა, რომ გაეშვა, რადგანაც ვერ სუნთქვადა, თუმცა მისი თხოვნა არ გაითვალისწინეს. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც ფლოიდმა მმოძრაობა შეწყვიტა, ის საავამყოფოში გადაიყვანეს, სადაც გარდაიცვალა. აღნიშნულს აშშ-ში საზოგადოების მძაფრი პროტესტი მოჰყვა. ათასობით ადამიანი ქუჩაში გამოვიდა და საფუძველი დაედო მოძრაობას #Blacklivesmatter, რომელშიც მალე მთელი მსოფლიო ჩაერთო. შემდეგ ყველამ ვნახეთ დაშოქილი ამერიკელი პოლიციელების ფოტოები, რომლებიც აქციის მონაწილეებს მხარს უჭერდნენ. პროტესტის ტალღა მოედო ამერიკის თითქმის ყველა შტატს. შეტაკებები მოხდა დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის.

  • ბეირუთის აფეთქება

4 აგვისტოს ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ძლიერი აფეთქება მოხდა. შედეგად დაიღუპა 78 ადამიანი და დაშავდა 4 000-ზე მეტი. ოფიციალურად, აფეთქება ასაფეთქებელი ნივთიერების საწყობს დაუკავშირდა. ქვეყნის პრეზიდენტ მიშელ აუანის განცხადებით, 2 750 ტონა ამონიუმის ნიტრატი საწყობში უსაფრთხოების ნორმების დაცვის გარეშე ექვსი წლის განმავლობაში ინახებოდა.

  • კოსმოსურ თანამგზავრზე კერძო კომპანიის მიერ აგებული ხომალდის გაშვება

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ აგებული კოსმოსური ხომალდი, Crew Dragon ღია სივრცეში წარმატებით გაფრინდა და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურს დაუკავშირდა. ეს ისტორიული მოვლენა იყო, რადგანაც პირველად მოხდა, რომ კოსმოსში ადამიანები კერძო კომპანიის მიერ აგებული ხომალდით წავიდნენ, გარდა ამისა, 2011 წლის შემდეგ, პირველად წავიდნენ ადამიანები კოსმოსში აშშ-ის მიწიდან. 2-თვიანი მისიის შემდეგ, ასტრონავტები დედამიწაზე წარმატებით დაბრუნდნენ.

  • მთიანი ყარაბაღის ომი

შემოდგომაზე ვითარება დაიძაბა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღისთვის და ფართომასშტაბიანი შეარაღებული დაპირისპირება 27 სექტემბერს დაიწყო. საომარი მოქმედებები 1 თვისა და ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მხარეებმა საბოლოოდ შეთანხმებას 10 ნოემბერს მიაღწიეს. ფასილიტატორის როლი რუსეთმა შეასრულა. მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც მთიანი ყარანაღის ტერიტორიები აზერბაიჯანმა დაიკავა.

  • აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები

2020 წლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები იყო, რომელიც 3 ნოემბერს გაიმართა და ამერიკელებმა პრეზიდენტად "დემოკრატების" კანდიდატი, ჯო ბაიდენი აირჩიეს. მისი გამარჯვება უკვე ოფიციალურად გააფორმა აშშ-ის საარჩევნო კოლეგიამ, არჩეულ პრეზიდენტს გამარჯვება მიულოცეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებმა, თუმცა შეერთებული შტატების მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მარცხს დღემდე არ აღიარებს და ამ დრომდე სამართლებრივი დავები აქვს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. ტრამპი მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბდა. თუმცა მისი მცდელობები სასამართლოს გზით დაამტკიცოს ყოველივე, ჯერჯერობით უშედეგოა.

არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაცია 2021 წლის 20 იანვრისთვისაა დანიშნული.

  • 60 წლის ასაკში გარდაიცვალა ლეგენდარული ფეხბურთელი, დიეგო მარადონა

25 ნოემბერს ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო არმანდო მარადონა გარდაიცვალა. მარადონა 60 წლის იყო. გარდაცვალებამდე რამდენიმე კვირით ადრე მას თავზე რთული ოპერაცია ჩაუტარდა, რეაბილიტაციის პერიოდს კი, პირადი ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ, სახლში გადიოდა. საბოლოოდ მისი გამოჯანმთელება ვერ მოხერხდა.

  • კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნა

და ბოლოს, ალბათ წლის ყველაზე კარგი და იმედის მომცემი ამბავი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაა. უკვე არსებობს რამდენიმე ვაქცინა, რომლებიც შესაბამისი ორგანოების მიერაა დამტკიცებული და ჩაშვებულია ფართო მოხმარებაშიც. მათ შორის "ფაიზერის", ასევე "ასტრაზენეკას" მიერ შექმნილი ვაქცინები. როგორც სპეციალისტები აცხადებენ ვაქცინების ეფექტიანობა 95%-იანია. მასობრივი ვაქცინაცია დაწყებულია აშშ-ში, ისრაელში და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. "გვირაბის ბოლოს სინათლე" - ასე შეაფასა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ეფექტიანი ვაქცინების შექმნა. მართლაი სპეციალისტები ამბობენ, რომ 2021 წელიც არ იქნება მარტივი ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, თუმცა ის ფაქტი, რომ მისგან თავდაცვის საშუალებები უკვე შექმნილია, იმედს იძლევა, რომ მალე მსოფლიო კვლავ ძველებურ ცხოვრებას დაუბრუნდება.

  • Ambebi.ge გილოცავთ დამდეგ ახალ წელს და ვისურვებთ, რომ მომავალ წელს ჩვენი მკითხველისთვის ბევრი სასიამოვნო, საინტერესო და პოზიტიური ამბის გაზიარება გვიწევდეს.

აფეთქება იემენის აეროპორტში - მედიის ინფორმაციით, არიან დაღუპულები

"უხანში, სავარაუდოდ, იმაზე 10-ჯერ მეტი კოვიდინფიცირებული იყო, ვიდრე ოფიციალურ სტატისტიკაშია ასახული" - კვლევა

ნავალნის წინააღმდეგ სისხლის სამართლის ახალი საქმე აღძრეს - მას შემოწირულობის სახით მიღებული თანხის მითვისებაში ადანაშაულებენ