ავტორი:

2019 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია, რომლებიც AMBEBI.GE-ზე ათი ათასობით მკითხველმა წაიკითხა

2019 წლის 10 ყველაზე პოპულარული სტატია, რომლებიც AMBEBI.GE-ზე ათი ათასობით მკითხველმა წაიკითხა

2019 წელი საკმაოდ რთული აღმოჩნდა ჩვენი ქვეყნისთვის - შიდა დაპირისპირებები, პოლიტიკური და ეკონომიკური არასტაბილურობა, საპროტესტო აქციები, აქციის დარბევები...

AMBEBI.GE მიმდინარე პოლიტიკური თუ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი თემების გაშუქებასთან ერთად, მუდმივად ცდილობდა მკითხველისთვის ახალი და საინტერესო ადამიანები გაეცნო, გაეხსენებინა ნოსტალგიური ისტორიები, მიეცა რჩევები სხვადასხვა საქმის პროფესიონალების დახმარებით.

ტრადიციულად, წლის ბოლოს ვაჯამებთ წლის ყველაზე კითხვად და პოპულარულ სტატიებს, რომლებმაც AMBEBI.GE-ის მკითხველის განსაკუთრებული ინტერესი დაიმსახურა და ათობით ათასი ნახვა დააგროვა.

გთავაზობთ, 2019 წლის 10 ყველაზე პოპულარულ სტატიას AMBEBI.GE-სგან:

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სექტემბერში საკუთარი ჩაცმულობის გამო გაეხვა სკანდალში. ქვეყნის პირველი პირი, ნიუ-იორკში, აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და პირველი ლედის - მელანია ტრამპის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებაზე, შავი კაბით, წითელი პალტოთი და შავი კოლგოტით გამოცხადდა, რის გამოც ის კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს.

სოციალური ქსელის მომხმარებლები წერდნენ, რომ ამ ჩაცმულობის შემდეგ, პრეზიდენტზე როგორც გემოვნებიან ადამიანზე შთაბეჭდილება შეეცვალათ. ალბათ სწორედ ეს იყო მიზეზი რომ AMBEBI.GE-ს მიერ მომზადებული სტატია - "ვინ ჩააცვა სალომე ზურაბიშვილს ტრამპებთან შეხვედრაზე", 150 000-მდე ადამიანმა წაიკითხა.

გასტროენტეროლოგი-ჰეპატოლოგი ჯაბა ზარქუას ამ ინტერვიუმ, შეიძლება ითქვას ყველა აქამდე ნაცნობი "ოქროს წესის" შესახებ მითები დაამსხვრია.

პოპულარული დიეტები, რომლებიც ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა საქართველოში და ხშირად რისკების გაცნობიერების გარეშე მიმართავენ ადამიანები, ამ დიეტების რისკები და ჯანსაღი ცხოვრების წესის დარღვევა, რომელსაც ხშირ შემთხვევაში ჭარბწონიანობასა და ფატალურ შედეგებამდეც კი მიჰყავს ადამიანი - ამ თემებზე გასტროენტეროლოგთან ჩაწერილმა ინტერვიუმ 120 000-მდე მკითხველი დააინტერესა.

2002 წლის 24 ივლისს 15 წლის მარიამ გოგინაშვილი წყნეთიდან გაიტაცეს. მომხდარიდან ორ დღეში ვაკე-საბურთალოს რაიონულმა პროკურატურამ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა. უკვე ჩვიდმეტი წელია, შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საქმეს იძიებს. მსოფლიოს მასშტაბით უგზო-უკვლოდ გაუჩინარებულ სხვა ბავშვებთან ერთად, ინტერპოლი დღემდე ეძებს მარიამ გოგინაშვილს.

საქმესთან დაკავშირებით 2019 წლის მაისში AMBEBI.GE-მ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ინფორმაცია გამოითხოვა, ასევე, დაუკავშირდა რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც მოზარდის გატაცების საქმეზე გარკვეული ინფორმაცია აქვთ...

საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში 2019 წლის მაისში მომხდარი ოთხმაგი მკვლელობა წლის ერთ-ერთი უმძიმესი ამბავი იყო. თავდაპირველი ინფორმაციით, სავარაუდოდ, ოჯახური კონფლიქტის დროს, 85 წლის მამაკაცმა შვილსა და რძალს ესროლა, შემდეგ კი ხმაურზე შემოსულ ნათესავებს - ძმის ცოლსა და ძმისშვილს, რომლებიც ბრალდებულის ოჯახის მეზობლად ცხოვრობდნენ.

მოკლულები არიან - ბრალდებულის ვაჟი დავით გამყრელიძე და მისი მეუღლე, ლელა ბორაშვილი, ასევე დედა-შვილი მზია მეზვრიშვილი და შავლეგ გამყრელიძე, მოგვიანებით, საავადმყოფოში გარდაიცვალა ბრალდებულის მეუღლეც, რომელიც დაჭრილი იყო.

4-თვიანი სასამართლო პროცესების შემდეგ, სოფელ ყანდაურაში 5 ადამიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული 85 წლის ომარ გამყრელიძე პატიმრობა გირაოთი შეუცვალეს და სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდეს.

"მე ვარ ალალი და ამდენი ხანი მტანჯავდნენ... როდესაც დამაკავეს, მკვდარივით წამიღეს ბორკილებდადებული. ვეკითხები ყველას, სად არის სამართალი?!" - განაცხადა პროცესზე 85 წლის გამყრელიძემ.

მთელ საქართველოს თავზარი დასცა ცნობილი და ყველასთვის საყვარელი ტელეწამყვანის, გიორგი გოგიჩაიშვილის გარდაცვალებამ. 51 წლის გოგიჩა მძიმე სენთან რამდენიმეწლიან ბრძოლაში დამარცხდა...

მეგობრები, კოლეგები, ბავშვები, ადამიანები, რომლებიც ერთხელ მაინც შეხვედრიან გოგიჩას, მის შესახებ უამრავ ისტორიას იხსენებდნენ, რომელმაც მისი გარდაცვალების დღეებში, ტკივილთან ერთად სითბოთი აავსო ინტერნეტმომხმარებლების გულები...

"გოგიჩას" შესახებ მოგონებები, რომელიც AMBEBI.GE-მ მისი მეგობრებისგან მოისმინა, 80 000-მდე ადამიანმა წაიკითხა.

AMBEBI.GE-ის მკითხველი ყოველთვის ინტერესდება ექიმების რეკომენდაციით სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ამჯერად, ჩვენი მკითხველის ინტერესი "შილაკმა" დაიმსახურა - 21-ე საუკუნის საქმიანი ქალის სილამაზის განუყოფელ ელემენტზე, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ეს კომფორტული საშუალება სულაც არ არის უსაფრთხო.

დერმატო-ვენეროლოგი სოფო ლილუაშვილი შილაკის საფრთხეებზე გვესაუბრა და როგორც აღმოჩნდა, მას ძალიან ბევრი პაციენტი მიმართავს გელ-ლაქის ხშირი კეთების გამო დაზიანებული ფრჩხილებით. მკურნალობა კი არც ისე მარტივია, საკმაოდ დიდ დროსა და ხარჯებს მოითხოვს.

სექსზე საქართველოში თითქოს ყველა ღიად საუბრობს, თუმცა ეს თემა ბევრისთვის ჯერ კიდევ ტაბუდადებულია. სექსოლოგები მიიჩნევენ, რომ საქართველოში განქორწინების გაზრდილი რაოდენობის ერთ-ერთი მიზეზი, სწორედ სქესობრივი ლტოლვის დაკარგვაა, თუმცა ხშირად წყვილები ამას ერთმანეთთან საუბარშიც კი არ აღიარებენ.

ლიბიდოს, ანუ სქესობრივი ლტოლვის დაკარგვა ქალებსა და მამაკაცებში საკმაოდ ხშირი და სერიოზული პრობლემაა. პრობლემა ყოველთვის არსებობდა, თუმცა, სექსოლოგები ამბობენ, რომ ბოლო წლებში საქართველოში ამ საკითხით ექიმთან მიმართვიანობა გაზრდილია. პრობლემის სიმწვავიდან გამომდინარე, AMBEBI.GE-ის ინტერვიუ სექსოლოგ ზურაბ მარშანიასთან, წლის ყველაზე პოპულარული სტატიების ათეულში მოხვდა.

"Depressed Georgian in South Korea" (დეპრესიული ქართველი სამხრეთ კორეაში) - ასე ჰქვია "ფეისბუქზე" ძალიან პოპულარულ გვერდს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა ინტერნეტსივრცეში და უკვე 100 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს.

ქართველი დები - სოფია და ანა კვინიკაძეები წარმოშობით ქუთაისიდან არიან და წლებია სამხრეთ კორეაში ცხოვრობენ და სწავლობენ. AMBEBI.GE ინტერვიუსთვის გოგონებს დაუკავშირდა. ვესაუბრეთ სოფიას, რომელმაც პირველმა გაჭრა გზა შორეული სამხრეთ კორეისკენ და შემდეგ თავისი და წაიყვანა. სამხრეთ კორეაში მცხოვრები "დეპრესიული ქართველის" ცხოვრებამ, ჩვენი მკითხველის დიდი ინტერესი დაიმსახურა...

ნიკა ტაბატაძეს საქართველოში წლების წინ ყველა იცნობდა და დღესაც ყველას ახსოვს. იგი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ერთ-ერთი სახე იყო. 2001 წელს ტელეკომპანიის 10 პროცენტის მფლობელი გახდა. საკუთარი წილი 2004 წელს დათმო, როდესაც "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა; ამ პოსტიდან 2006 წელს გაათავისუფლეს, რის შემდეგაც კერძო ბიზნესში წავიდა. ნიკა ტაბატაძის ოჯახური ცხოვრების შესახებ AMBEBI.GE-ის მიერ მომზადებულმა სტატიამ, 80 ათასი მკითხველის გული მოიგო.

ტრადიციულად, წლის მიწურულს, მკითხველის განსაკუთრებულ ინტერესს მომდევნო წლის ასტროლოგიური პროგნოზი იმსახურებს. ღორის (ტახის) წელს, ოფიციალურად 2020 წლის 25 იანვარს გავაცილებთ და წლის ახალ მმართველად თეთრი მეტალის ვირთხას მოვიპატიჟებთ.

ვერ ვიტყვით, რომ ვირთხა კეთილი, მიმტევებელი და დამთმობი არსებაა. უფრო მეტიც, იგი მიზანსწრაფულობას, სიჯიუტეს, ინტელექტსა და ინტუიციას ფლობს. ზოგ შემთხვევაში კი "აფერისტობაც" შეუძლია. თუმცა, ვირთხა სტაბილურ წელს გვიპირდება.

კონკრეტულად, ვის როგორი წელი ექნება 2020-ში, ამ საკითხზე AMBEBI.GE-ის მიერ მომზადებულმა სტატიამ 70 000 მკითხველი დააინტერესა.

მადლობას გიხდით, რომ მთელი წელი ერთგულად გვკითხულობდით! გპირდებით, 2020 წელშიც AMBEBI.GE მრავალფეროვან და საინტერესო მასალებს შემოგთავაზებთ!

ხვალიდან მეგაშოუ "დიდი სცენის" ლა­ივ­კონ­ცერ­ტე­ბი იწყება

გია ყანჩელი - საშობაო კონცერტი და კინოჩვენება ამირანში

როგორ გამოიყურება ბინა ვაკეში, რომელიც 6 მლნ ლარამდე ღირს (ფოტო)