ავტორი:

სკანდალური კრიმინალური საქმეები, რომლებიც ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების შვილებს უკავშირდება

სკანდალური კრიმინალური საქმეები, რომლებიც ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების შვილებს უკავშირდება

მიმდინარე კვირის ყველაზე ხმაურიანი ამბავი, რომელმაც თითქმის ყველა პოლიტიკური პროცესი და პანდემიაც კი გადაფარა, გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრის საქმე აღმოჩნდა. თემას რეზონანსულობა იმანაც შემატა, რომ ბრალდებული გარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ვაჟი ბუსა (ბესარიონ) ჟვანია გახლავთ, რომელიც ამ ეტაპზე უკვე დაკავებულია.

ბუსა არ ყოფილა პირველი პოლიტიკოსების შვილებიდან, რომლებსაც სხვადასხვა დროს კანონთან პრობლემები შეექმნათ. შეგახსენებთ ყველაზე რეზონანსულ საქმეებს, რომელშიც ცნობილი ქართველი პოლიტიკოსების შვილები მონაწილეობდნენ:

  • თარაშ კანდელაკი - გიორგი კანდელაკის ვაჟი

რამდენიმე კვირის წინ პოლიციამ გორში ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, მოკრივე გიორგი კანდელაკის შვილი თარაშ კანდელაკი დააკავა. რესტორან "ჯოზეფში" ახალგაზრდებს შორის ჩხუბის დროს თარაშ კანდელაკმა 2001 წელს დაბადებულ ე.თ.-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. მძიმედ დაშავებული ე.თ. სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამ ეტაპზე თარაშ კანდელაკი დაკავებულია. ჩადენილი დანაშაული 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • თორნიკე კოპალეიშვილი - ხატია დეკანოიძის ვაჟი

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის შვილის საქმე ორი წლის წინ საპროცესო შეთანხმებით დასრულდა. კოპალეიშვილს ბრალად ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-ტარება ედებოდა, პოლიტიკოსის ვაჟი მაშინ 18 წლის გახლდათ და ამიტომ მასზე გავრცელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი. აღსანიშნავია ისიც, რომ ბრალდებულმა ბრალი აღიარა.

  • დავით კობალაძე - კობა კობალაძის ვაჟი

რეზონანსული აღმოჩნდა "ქართული ოცნების" დეპუტატის, კობა კობალაძის შვილის, დავით კობალაძის საქმეც. ახალგაზრდას გამოძიება 24 ივნისს, 5 თანამზრახველთან ერთად, ახალგაზრდა მამაკაცის ცემასა და მისთვის მძიმე დაზიანებების მიყენებას ედავება. პარლამენტარის შვილს ბრალი დანაშაულის ჩადენიდან 17 დღეში, მედიით გასული ანონსის შემდეგ წაუყენეს. გამოძიება დავით კობალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურ ძალადობას გულისხმობს. პროკურატურის ინფორმაციით, კობალაძე და მასთან ერთად მყოფი კიდევ 5 ადამიანი, შურისძიების მიზნით, თავს დაესხა 23 წლის ახალგაზრდა მამაკაცს და სცემა. 6 თავდამსხმელიდან ოთხი - 23 წლის ახალგაზრდას ფიზიკურად გაუსწორდა, ორმა კი დაზიანებები ცივი იარაღით მიაყენა. დავით კობალაძე 20 წლისაა.

  • რატი მილორავა - ეკა ბესელიას ვაჟი

რატი მილორავას პოლიციასთან ურთიერთობა არაერთხელ გამხდარა სკანდალის მიზეზი, თუმცა პოლიტიკოსი დედა ამ ფაქტებს ყოველთვის მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებდა. ბესელია ამბობდა, რომ მის შვილს სააკაშვილის ხელისუფლება სწორედ დედის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით აკავებდა. რატის სახელს სხვადასხვა დროს ხშირად უკავშირებდნენ ამა თუ იმ გახმაურებულ საქმეს.

რატი მილორავა 2013 წელს "სქაი ბარში" მომხდარ ინციდენტში ფიგურირებდა, რომელიც მარიკა ვერულაშვილის ქალიშვილის დაბადების დღეზე მოხდა. შემთხვევის დროს ერთ-ერთი ახალგაზრდა დაიჭრა, როგორც მოგვიანებით რატი მილორავამ განაცხადა, ის უბრალოდ ჩხუბის გაშველებაში მონაწილეობდა. რატი მილორავა სამართალდამცავებმა 2009 წელს ქობულეთში დააკავეს. ეს ფაქტი სასამართლოს მიერ ოფიციალურად დასტურდება. შემთხვევა 2009 წელს ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ რესტორანში მოხდა. ეკა ბესელიას ვაჟი და ეკას ძმა, სერგო ბესელია ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულებს ბრალი პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით წაუყენეს.

  • ძმები გაგა და რატი გაჩეჩილაძეები - ლევან გაჩეჩილაძის ვაჟები

სხვადასხვა დროს კანონთან დაპირისპირება მოუხდათ ლევან გაჩეჩილაძის ორივე ვაჟს. ლევან გაჩეჩილაძის უმცროსი ვაჟი, გაგა გაჩეჩილაძე 2012 წელს დააკავეს. გაჩეჩილაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მესამე ნაწილით წაუყენეს, რაც იარაღის გამოყენებით ხულიგნობას ითვალისწინებს. საქმე ეხება 2012 წლის 27 ოქტომბერს გრიბოედოვის ქუჩაზე მდებარე კაფე "გალერეაში" მომხდარ ჩხუბს, რომლის დროსაც კაფე "გალერეას" დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი ირაკლი ცინდელიანი დაიჭრა. მაშინ სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი ვიდეოც გავრცელდა. დაცვის თანამშრომელი საჯდომის ნერვში იყო დაჭრილი. გავრცელებული ინფორმაციით, შელაპარაკება იმ დროს მოხდა, როდესაც გაჩეჩილაძე კლუბში შესვლას მეუღლესთან ერთად ცდილობდა.

რატი გაჩეჩილაძის ამბავი უფრო სკანდალური აღმოჩნდა ძმისგან განსხვავებით, რადგან მან ორი წლის წინ "დაინინგ რუმში" ტელეწამყვანი და ტელეკომპანიის დირექტორი ნიკა გვარამია სცემა. როგორც ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის ადვოკატი აცხადებდა, დანაშაულის მოტივი პოლიტიკური იყო. შემთხვევის დროს ნიკა გვარამიასთან ერთად დავით დოიაშვილი, მარინა ბერიძე და მისი სხვა მეგობრები იმყოფებოდნენ. რატი გაჩეჩილაძემ დანაშაული თავად აღიარა და სოციალურ ქსელში დაწერა. რის შემდეგაც ის სამართალდამცავებმა დააკავეს და 5000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. სწორედ ამ ინცინდენტის დროს თქვა ტელევიზიასთან კომენტარში მარინა ბერიძემ ცნობილი ფრაზა: "იქ იჯდა თფილისი..."

  • ნუგზარ წერეთელი - გიგი წერეთელის ვაჟი

2013 წელს ოქროყანის გზაზე მომდარი ავარიის დროს 20 წლის ბაიკერი ბექა სეხნიაშვილი დაიღუპა. ოქროყანის გზაზე საპირისპირო მიმართულებით ავტომობილი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, რა დროსაც შეჯახება მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილში გიგი წერეთლის ვაჟი იჯდა. 20 წლის ბაიკერი ადგილზე გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით მოგვიანებით კომენტარი გააკეთა გიგი წერეთელმაც, რომელიც უარყოფდა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ მისი შვილი იჯდა საჭესთან და არც იმას ადასტურებდა, რომ ის ნასვამი იყო.

გარდაცვლილი პოლიტიკოსის ვაჟს ბოლო წლების მანძილზე სამართალდამცავებთან პრობლემები არაერთხელ შეექმნა. პირველად ლელა კილაძეზე ახლადდაოჯახებული გუკა გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, მაშინ რჩეულიშვილს ცენტრ პოინტის საქმეზე დააკავეს. თუმცა მოგვიანებით საპროცესო გარიგებით გაათავისუფლეს. მეორედ აღმოჩნდა გისოსებს მიღმა რამდენიმე თვის წინ გუკა რჩეულიშვილი. ამჯერად მეორე მეუღლის საჩივრის საფუძველზე. ლელა კილაძემ ქმარს შემაკავებელი ორდერის დარღვევის გამო უჩივლა. ამჟამად გუკა რჩეულიშვილი ექვსთვიან სასჯელს იხდის.

იხილეთ ვიდეო