ავტორი:

5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა

5 ამბავი, რომელსაც "ფეისბუქზე" 2019 წელს ყველაზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა

2019 წელი დასასრულს მიუახლოვდა და AMBEBI.GE ტრადიციულად, წყლის ყველაზე რეიტინგული ამბების შეჯამებას იწყებს.

გავიხსენოთ 5 აქტუალური თემა, რომელსაც გასულ წელს სოციალურ ქსლებში ყველაზე მეტად განიხილავდნენ.

რუსი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში

რუსეთის დუმის დეპუტატი, კომუნისტი სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ხილვამ, ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვან მოვლენებს დაუდო სათავე.

20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესია გაიხსნა, რომელსაც მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

რუსი დეპუტატის ხილვამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში ოპოზიციონერი დეპუტატებისა და ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა, რასაც სამოქალაქო მოძრაობების მხრიდან აქციების დაანონსება მოჰყვა, ხოლო "ევროპული საქართველოსა" და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების აქტიურობით, პარლამენტში ასამბლეა შეწყდა.

მოვლენებმა ააგორა სამოქალაქო მოძრაობების პროტესტი #სირცხვილია. აქტივისტები საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ და რუსული დელეგაციის ვიზიტი გააპროტესტეს.

სერგეი გავრილოვმა და რუსმა დეპუტატებმა საქართველო საპროტესტო აქციების ფონზე დატოვეს. აქციის მონაწილეებმა მათ წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს.

რუსი დეპუტატების ვიზიტს უმწვავესი გამოხმაურება მოჰყვა "ფეისბუქზე", მათ შორის თავად ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან: „რუსი დეპუტატის ნახვამ თავმჯდომარის სკამში უბრალოდ გამანადგურა", - წერდა პარლამენტის უკვე ყოფილი პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი.

ქართული საზოგადოების პროტესტი რუსული დელეგაციის გაძევებითა და სოციალურ ქსელში მწვავე პოსტებით არ დასრულებულა... ოპოზიციამ კობახიძის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვა, სამოქალაქო აქტივისტებმა კი რუსთაველზე, პარლამენტის წინ, ფართომასშტაბიანი აქცია გამართეს.

ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის დაშლა დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაზე მდგარი აქციის მონაწილეები თავდაცვის მიზნით ტერიტორიას გაეცალნენ, თუმცა მალევე უკან დაბრუნდნენ. შემდეგ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიების გამოყენებაც დაიწყო, რის გამოც აქციის არაერთი მოქალაქე და მედიის წარმომადგენელი მძიმედ დაშავდა.

აქციის ორმა მონაწილემ სპეცრაზმის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიებით თვალი დაკარგა, 240-მდე მოქალაქემ კი სხეულის დაზიანებები მიიღო. აქციის დაშლა თითქმის 8 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, გამთენიისას კი აქციის დაშლა დაკავებებით გაგრძელდა.

აქციის მონაწილეთა მოთხოვნა პრემიერთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომა იყო. მათგან მხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა.

20-21 ივნისის ღამის შემდეგ, რომელიც „გავრილოვის ღამის“ სახელით მოინათლა, რამდენიმე თვე გავიდა. საპროტესტო აქციები, თუმცა არა თავდაპირველი ფორმით, კვლავ გრძელდება. საპროტესტო აქციამ, რომელსაც თავდაპირველად ტრადიციული, მრავალნაცადი აქციის ფორმა ჰქონდა - მიკროფონით, მეგაფონით, პლაკატებით, სიტყვით გამომსვლელებით, შეძახილებით, მსვლელობებით, სკანდირებით, შიმშილობით და ა.შ. ნელ-ნელა ფორმა იცვალა, ჯერ კონცერტი შეერია, შემდეგ პერფორმანსი, რასაც ფლი-მარკეტი და მედია პლატფორმად ტრანსფორმირება მოჰყვა...

დემონსტრაციის დაშლიდან ზუსტად სამი კვირის თავზე, 11 ივლისს, გიორგი გახარიამ ტელევიზიის ეთერში აღიარა, რომ იმ ღამეს, ყველა ბრძანება, მათ შორის რეზინის ტყვიების გამოყენებისა და ცრემლმდენი გაზის გაშვების ბრძანება, სწორედ მისი გაცემული იყო.

ტრავმები კი, რომლებიც აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე მიიღეს, ძალიან მძიმე აღმოჩნდა. განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ის ორი ახალგაზრდისთვის. მათ რუსთაველის გამზირზე, თვალები დაკარგეს. სწორედ ამიტომ, აკრული ცალი თვალი პროტესტის მთავარ სიმბოლოდ იქცა, ანტისაოკუპაციო პროტესტი კი ყველაზე ხანგრძლივ და ყველაზე კრეატიულ პროტესტად.

პროპორციული არჩევნები და ხალხის "გადაგდება"

20-21 ივნისის მოვლენების შემდეგ აქციების დაწყებიდან მეხუთე დღეს, დაკმაყოფილდა აქციის მონაწილეთა სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი - 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება. რამდენიმე დღეში დაკმაყოფილდა 20-21 ივნისის ღამეს დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნაც. შს მინისტრი გიორგი გახარია კი დასჯის ნაცვლად, პრემიერ-მინისტრად მოგვევლინა.

თუმცა, ხელისუფლებამ საკუთარ ამომრჩეველს ეს არ აკმარა და 14 ნოემბერს პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.

ცვლილებების ჩაგდებას თბილისში საპროტესტო დემონსტრაცია მოჰყვა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია სახელწოდებით "დავიბრუნოთ ქვეყანა". პარალელურად, გაიმართა აქციები საქართველოს რამდენიმე სხვა ქალაქშიც.

ქართველი ხალხის კიდევ ერთხელ "გადაგდებას" უმწვავესი გამოხმაურებები მოჰყვა, როგორც სოციალურ ქსელებში, ასევე დასავლეთში.

დღეს უკვე საპროტესტო აქციები პარტიზანული სტილით იმართება და სამოქალაქო აქტივისტები თუ გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლები ოფიციალურ ღონისძიებებზე ხელისუფლების ლიდერების გამოჩენას სხვადასხვა ფორმით აპროტესტებენ.

პრეზიდენტი და შეწყალების სკანდალი

სამწუხაროდ, ქართული საზოგადოება სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ აგორებულ სკანდალებს უკვე შეეჩვია. პრეზიდენტი, მისი განცხადებებისა თუ გადაწყვეტილებების გამო, კრიტიკის ობიექტი ხშირად ხდება. წელს ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური იყო პრეზიდენტის მიერ მძიმე დანაშაულებებისთვის გასამართლებულთა შეწყალების საქმეები.

27 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილმა 34 მსჯავრდებული, მათ შორის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებულს ქართული მართლმსაჯულება 12 წელიწადი ეძებდა. მთავარმა პროკურატურამ თბილისში 2004 წელს მომხდარი დანაშაული, 2016 წელს გახსნა. ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის 14 წლის შვილიშვილი 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს.

ამბავმა საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია. სოციალური ქსელში მომხმარებლები სალომე ზურაბიშვილის კიდევ ერთ სკანდალურ შეწყალებას იხსენებდნენ, როდესაც შეწყალებულთა შორის პოლიციელის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე აღმოჩნდა.

შეწყალების სკანდალის გამო პრეზიდენტი თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მწვავედ გააკრიტიკეს, მათ შორის თბილისის მერმა, კახა კალაძემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ.

მოგვიანებით, გენერალურმა პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

ლუკა სირაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე

ამბავი, რომელმაც 2019 წლის მიწურულს მთელი საქართველო შეძრა, ტრაგიკულია, თუმცა წლის ყველაზე რეზონანსულ თემებზე საუბრისას მას გვერდს ვერაფრით ავუვლით...

15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებამ საზოგადოება დაამწუხრა და ერთგვარად გააერთიანა. მოზარდი, რომელმაც პოლიციაში დაკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა (ის მეცხრე სართულიდან გადმოხტა), რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს, თუმცა სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა...

10 დეკემბერს "მწვანე სკოლის" შიდა და გარე ტერიტორიაზე გაკეთებული წარწერების ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო. პოლიციის განყოფილებაში მოწმის სახით დაიკითხა 15 წლის მოზარდი, რომელიც ამავე სკოლის ყოფილი მოსწავლე იყო. მან უარყო „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვა. პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, როგორც ცნობილია, არასრულწლოვანმა თვითმკვლელობა სცადა. რამდენიმე დღეში, მოზარდი გონზე მოუსვლელად, იაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა.

ლუკას გარდაცვალების ფაქტმა პროტესტის ახალი ტალღა ააგორა - შსს-სთან აქციის მონაწილეები შეიკრიბნენ, მათ ავტომობილების სავალ ნაწილზე წარწერები ე.წ. "პულივიზატორებით" დაწერეს: "ამ ცხოვრების დედაც!", "ამ სისტემის დედაც", "ამ რეჟიმის დედაც!", "ნუ მომკლავ", "აბა დამიჭირე თუ შეგიძლია", "სისტემა კლავს" და ა.შ.

15 წლის მოზარდის სუიციდის ფაქტს საზოგადოების თითქმის ყველა ფენის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ, მათ შორის, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები, ფსიქოლოგები და რიგითი მოქალაქეები.

მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო. საქმესთან დაკავშირებით ორ პოლიციელს უფლებამოსილება შეუჩერდა. ლუკა სირაძის მიმართ ჩვენების იძულების ფაქტზე დაკავებულ გამომძიებელს, მარიანა ჩოლოიანს კი აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

გიორგი გაბუნიას სკანდალური მონოლოგი

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გადაცემა "პოსტსკრიპტუმის" ყოფილი წამყვანისგან სკანდალური მონოლოგები და განცხადებები, ამ განცხადებების გამო ტელეკომპანიის ეზოში აქციები არავის უკვირს, თუმცა გიორგი გაბუნიამ 2019 წელს საკუთარ თავსაც აჯობა, რაც საბოლოოდ მისი, როგორც წამყვანის უფლებამოსილების შეჩერებით დასრულდა.

7 ივლისს გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში რუსულად აგინა. გაბუნიამ კვირის 9-საათიანი გამოშვება რუსული მისალმებით დაიწყო და პირდაპირ ვლადიმერ პუტინს მიმართა:

"მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, თქვენ უყურებთ საქართველოს მთავარ ტელეარხს. მინდა პირველ რიგში უდიდესი მოკითხვა გადავცე ჩვენს დიდ მეგობარს ვლადიმერ ვლადიმერის ძე პუტინს. ვოვაჩკა, შენ ხარ ორღობის მეძავი... ჩვენს მშვენიერ დედამიწაზე შენნაირი უღმერთო არსების და მახინჯის ადგილი არ არის. წადი შენი.... შენს მონებთან ერთად. შენი დედაც... უი, დედაშენი მკვდარია, რა სამწუხაროა. დაე, დაიწვას ჯოჯოხეთში შენთან და მამაშენთან ერთად...“, - ეს არის ნაწილი იმ უხამსი მიმართვისა, რომლითაც გაბუნიამ პირდაპირი ეთერით, ათასობით მაყურებლის წინაშე მიმართა პუტინს.

გაბუნიას ტექსტს მწვავე გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში. იმავე ღამეს "რუსთავი 2"-ის ეზოში საზოგადოების ნაწილი შეიკრიბა და საპროტესტო აქცია გამართა, აქციის მონაწილეები გაბუნიას ქვეყნიდან წასვლას მოითხოვდნენ.

განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ. ქარტიის საბჭომ გაბუნიას მონოლოგი “არაეთიკურად“ და “უპასუხისმგებლოდ“ შეაფასა. კოლეგა გააკრიტიკეს "რუსთავი 2"-ის ყოფილმა თანამშრომლებმაც და არხის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ.

"საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ პროვოკაციად" შეაფასეს ჟურნალისტის მონოლოგი პოლიტიკურმა ლიდერებმაც. კრიტიკა არ დააკლეს ტელეწამყვანის რუსმა კოლეგებმა.

გიორგი გაბუნია გააკრიტიკეს მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა, სკანდალი უკომენტაროდ არ დაუტოვებია თვით რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინსაც.

საბოლოოდ, "რუსთავი 2"-ის თვითრეგულირების ორგანომ, გიორგი გაბუნიას უფლებამოსილება 2 თვით შეუჩერა. არხის ხელმძღვანელობის შეცვლის შემდეგ კი, ტელეკომპანია ნოდარ მელაძემ, ეკა კვესიტაძემ, გიორგი ლაფერაშვილმა და გიორგი გაბუნიამ დატოვეს.

მოგვიანებით გაბუნია პროკურატურაშიც დაიბარეს. გიორგი გაბუნია ამჟამად ყოფილი "რუსთავი ორელების" მიერ შექმნილ ახალ ტელეკომპანია "მთავარზე" ახალ გადაცემა "პოსტფაქტუმს" უძღვება.

ნანუკა ჟორჟოლიანი შრი-ლანკაზე შვილებთან ერთად ისვენებს - ნახეთ ფოტოები

"მინდა მთელი საქართველო იცნობდეს ამ ორ ადამიანს" - 2 წლის ანიტა ფაცაციას მკურნალობის ხარჯებს ინდოელი ბიზნესმენი დაფარავს

მაკა ასათიანი ბებია ხდება - ნახეთ, როგორ გამოიყურება დიზაინერის ორსული რძალი